ვაზის აგროკლიმატური ზონები გლობალური დათბობის ფონზე

მელაძე მაია - სოფლის მეურნეობის დოქტორი.

რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, საქართველო მოწყვლადია კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. მისი რელიეფი, მეტეოროლოგიური პირობები და ანთროპოგენური დატვირთვა, ხელს უწყობს ბუნებრივი კატასტროფების განვითარებას.

დღესდღეობით მეტად აქტუალურია კლიმატის ცვლილების შემარბილებელი და საადაპტაციო ღონისძიებების სწორი სტრატეგიის შემუშავება აგრარულ სექტორში. კლიმატის გლობალური დათბობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ვაზის კულტურის სხვადასხვა ჯიშის რაციონალური გაადგილება, რადგან ტემპერატურის მატებამ ნეგატიური ზემოქმედება არ მოახდინოს ვაზის განვითარებასა და პროდუქტიულობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სითბური რეჟიმის დარღვევა ხანგრძლივი დროით უარყოფითად აისახება მოსავალზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსათვის შემუშავებულია ტემპერატურის 2 და 1°C-ით მატების შესაბამისი სცენარები. გაანგარიშებულია აქტიურ ტემპერატურათა ჯამები (>10°C) ვაზის სხვადასხვა ჯიშის შესაძლო გავრცელებისათვის.

დადგინდა, რომ სცენარით ტემპერატურის 1°C-ის მატებისას, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი მატულობს საშუალოდ 220-250°C-ით, ხოლო ტემპერატურის 2°C-ით მატებისას 440-480°C და ოდნავ მეტით. მიღებული ტემპერატურათა ჯამების გათვალისწინებით, ვაზის სხვადასხვა ჯიშების გავრცელების მიზნით გამოყოფილია 3 აგროკლიმატური ზონა.

I - ზონაში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი (>10°C) შეადგენს 3500°C და მეტს. ზონაში შეიძლება ვაზის ყველა ჯიშის წარმოება. ვაზის საგვიანო ჯიშებიდან - რქაწითელი, ცოლიკაური, საფერავი, მანავის მწვანე, ჩხავერი, ოჯალეში, კრახუნა და სხვა ვაზის ნაყოფების სრული სიმწიფისათვის საჭიროა 3400°C და ოდნავ მეტი აქტიურ ტემპერატურათა ჯამი. მოცემული ტემპერატურათა ჯამი სრულიად უზრუნველყოფს მაღალხარისხოვანი ღვინის დამზადებას.

ვაზის საგვიანო ჯიშები სცენარის მიხედვით ტემპერატურის 2°C-ით მატებისას საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ვრცელდება ზღ.დ-დან 1150-1200 მ სიმაღლემდე, ხოლო საქართველოს დასავლეთ ტერიტორიაზე ტემპერატურის 1°C-ით მატებისას 1000-1100 მ სიმაღლეზე. II - ზონაში ტემპერატურის ჯამი 3000°C და მეტია. ამ ზონაში ვრცელდება საშუალო სიმწიფის და საადრეო ვაზის ჯიშები. საშუალო სიმწიფის ვაზის ჯიშებიდან - გორული მწვანე, ჩინური, ციცქა, უსახელოური, ალადასტური, პინო შავი და სხვა, ნაყოფის სრული სიმწიფისათვის საჭიროებს 2900°C და ოდნავ მეტ აქტიურ ტემპერატურათა ჯამს.

აღნიშნულ ზონაში მოცემული ჯიშები ტემპერატურის 2°C-ით მატებისას საქართველოს აღმოსავლეთით ვრცელდება ზღ.დ-დან 1250-1300 მ სიმაღლეზე, საქართველოს დასავლეთით 1°C-ით მატებისას ვრცელდება 1150-1200 მ სიმაღლეზე.

III - ზონაში აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 2500°C და მეტია. ამ ზონაში შესაძლებელია გავრცელდეს ვაზის საადრეო ჯიშები - ალექსანდროული (ხვანჭკარა), წულუკიძის თეთრა, ძველშავი, ბუდეშური და სხვა. აღნიშულ ჯიშებს ნაყოფის სრული სიმწიფისათვის ესაჭიროებათ 2400°C და ოდნავ მეტი ტემპერატურათა ჯამი. მოცემულ ზონაში მითითებული ჯიშები 2°C-ით მატებისას საქართველოს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე ვრცელდება ზღ.დ-დან 1350-1400 მ სიმაღლეზე, ხოლო საქართველოს დასავლეთით 1°C-ით მატებისას ვრცელდება 1250-1300 მ სიმაღლემდე.

www.studywine.ge